ბუნება

ბუნება

Tuesday, June 15, 2010

ვხედავ გაშალეს მთებმა მკლავები...
ცხენისწყლის თქეში თვალთ მაქვს ხილული,
უშბა, თეთნულდი, შხარა, და შხელდა
მურის ხიდიდან გადაჭიმული
ჯვრამდე მოსული, აშოლტილი ტყე,
შიგ კი უშგული, ბეჩო, მესტია
ეცერი, ლჯი, ლენჯერი, ხალდე
ფუფუნებაზე უფრო მეტია!
ბრძენი მახვშები, კოშკთა სიმრავლე
ნისლში ფენილი მთები, ჭალები,
სუფრა მასპინძლის ეშხით გამთბარი
შინაორგილი ლილეს ზარები.
მოძმესთან მუდამ ტკბილი დახვედრა,
მტერთან კი ბრძოლა დაუნდობელი,
სვანეთი ჩემი ოცნების კუთხე
ჩემი ლექსის და ფიქრის მშობელი!!!
სვანეთი
სვანეთი ულამაზი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და ეკლესიებს, შუასაუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც ინახება რამოდენიმე მუზეუმში. სვანეთი მდებარეობს ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. ადრეულ საუკუნეებში იგი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. სვანეთის ქედი სვანეთს ორ ნაწილად - ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. ზემო სვანეთი მდებარეობს ენგურის ხეობაში. მისი სოფლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის მფარველობაშია. ხოლო ქვემო სვანეთი მდ. ცხენისწყლის ხეობაშია. სვანეთის მოსახლეობა ქართველია და შეადგენს 2500-ს.

სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები: შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), თეთნულდი (4860 მ), წურუნგალა (4220 მ), აილამა (4550 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ) და ორთავა უშბას კლდოვანი მასივი (4700 მ).

მეტად მრავალფეროვანია სვანეთის მცენარეული საფარი. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო ალპური სარტყელი 2450-2500-დან 3100-3200 მეტრამდე ვრცელდება. აქ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი და სხვა.

სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად სვანურ ენაზე საუბრობს. ისინი განთქმული არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. სვანეთის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანური სიმღერები ძირითადად ომებს, ომის გმირებს, სახელოვან მეფეებს ეძღვნება, ბევრი სიმღერა კი წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს.

სვნეთის ღირსშესანიშნაობები...

ღირსშესანიშნაობები:
სოფელი უშგული
სვანური კოშკი
სვანური სახლი "მაჩუბი"
წარმართული ხასიათის ნიშები
ადიშის, იელის სვიფის, წვირმის, ჟაბეშის, უშგულის ეკლესიები (სულ 70)
მარგიანების სახლ-მუზეუმი
სვანეთში, ადგილობრივი კულტურა უწყვეტ ჯაჭვს ქმნის ადრებრინჯაოს ხანიდან დღემდე. ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებით, უნიკალური ფრესკული მხატვრობითა და ხატწერის ნიმუშებით.

ადრე საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ კი - ეგრისის სამეფოსი. ძვ.წ. IIIს-ის პირველ ნახევარში, მეფე ფარნავაზის მეფობისას, სვანეთი ქართლის სამეფოს საერითავო იყო.

IV საუკუნეში სვანეთი ლაზეთის სამეფოს მოკავშირე გახდა და ხშირად მონაწილეობდა სამეფოს საზღვრების დასაცავად წარმოებულ ლაშქრობებში. სვანეთი პერიოდულად დამოუკიდებელი იყო, ჰყავდა საკუთარი მთავარი და სატომო საბჭოები.

ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს სვანეთი ქართლის შემადგენლობაში აღმოჩნდა, მაგრამ VI საუკუნის დასაწყისში ისევ დამოუკიდებელი გახდა. ქრისტიანობა სვანეთში, სავარაუდოდ, ლაზიკას სამეფოს მსგავსად, 523 - 530 წლებში გავრცელდა.

ისტორიული წყაროები სვანებს, როგორც ოქროს მომპოვებლებს, ძლიერმეომრებსა და უძველეს მიწათმოქმედ ხალხს მოიხსენიებს. ბერძენი ისტორიკოსი დაგეოგრაფი სტრაბონი სვანების შესახებ შემდეგ ცნობას გვაწვდის: “საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ, ფლობენ ისინი ირგვლივ ყოველივეს და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც დიოსკურიის ზემოთ არის”.

სვანეთს მტრისაგან განადგურება არ განუცდია, აქ ცხოვრება არ შეწყვეტილა და ამიტომაც ძირძველი ქართული მოსახლეობა უცვლელი დარჩა. დასახლებები ვითარდებოდა საოჯახო მეურნეობის პირობებში. დიდი ოჯახის დაშლის შედეგად იქმნებოდა საძმოები (სვ. “ლამხუბ”, “სამხუბ”), რომელთა გაერთიანება ხევის შიგნით ქმნიდა ტერიტორიულ თემს.

სვანებმა ჯერ კიდევ უძველეს დროში განავითარეს მესაქონლეობა და მემინდვრეობა, რელიგიური რწმენა-წარმოდგენებიც მეურნეობის ამ დარგებთანაა დაკავშირებული. სვანები აგებდნენ კოშკურ დასახლებებს, ეკლესიებსა და ხიდებს, გაჰყავდათ გზები, აკეთებდნენ სამეურნეო და საომარ იარაღს, გამოჰყავდათ ხორბლის უნიკალური ჯიშები.

სვანეთი განთქმულია ხალხური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშებით, ხეზე კვეთის ხელოვნებით. სვანეთი ცნობილია დახვეწილი ფრესკული მხატვრობითა და ფრესკული მხატვრობის შესანიშნავი სკოლით.

სვანეთის ერთ-ერთი სიმდიდრე და საგანძური ადგილობრივი ენაა. სვანური წარმოადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა ერთ-ერთ განშტოებას. სვანური უმწერლობო ენაა. სვანებისათვის სალიტერატურო და ეროვნული ენა ოდითგანვე ქართული იყო.

მითი არგონავტების შესახებ სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება. ხალხმა გამოცდილებით იცოდა, რომ სვანეთის მდინარეებს ოქრონარევი ქვიშა მოჰქონდა. მდინარეთა ჭალებში სვანები ზოგჯერ ოქროს დიდ ნატეხებსაც პოულობდნენ.

ისინი ოქროს მოპოვებას ცხვრის ტყავის დახმარებით ახერხებდნენ. ფიცარზე გაჭიმულ ცხვრის ტყავს წყალში აფენდნენ და ამაგრებდნენ, რომ წყალს არ წაეღო. ამ დროს ტყავის ბეწვიანი მხარე ზემოთ იყო მოქცეული. გარკვული დროის შემდეგ ტყავს ამოიღებდნენ და გასაშრობად გაფენდნენ. გამშრალ ტყავს დაფერთხავდნენ და ოქროს “კენჭებს” გადმოყრიდნენ.

ოქროს მოპოვების ეს წესი და საქართველოს მდინარეებში ოქრონარევი ქვიშის არსებობა ცნობილი იყო ბერძენი და რომაელი მწერლებისთვის. არგონავტებიც ოქროს საწმისის - ვერძის ოქროს მატყლიანი ტყავის მოპოვების სურვილმა მოიყვანა კოლხეთის სამეფომდე. სვანეთი მაშინ კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. ეს ერთადერთი კუთხე იყო, საიდანაც კოლხეთის სამეფოს და მის მრისხანე მეფე აიეტს ოქრო მიეწოდებოდა. სვანეთში დღესაც დასტურდებაა ოქროს მოპოვების ხალხური წესები.

სვანეთში ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ისეთივე მკაცრია, როგორიც თავად ბუნება და ცხოვრების სტილი. სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებებს დიდი ადგილი ეკავა სვანთა ცხოვრებაში.

სვანები მღერიან მრავალხმიან სიმღერებს, რომელთა უძველესი ტექსტები მათ შორეულ წინაპრებზე, მონადირეებზე, ოქროს მწარმოებელ, მესაქონლე და მიწათმოქმედ ხალხზე მოგვითხრობენ.

სვანები ასრულებენ ცეკვებს, რომლებიც მხოლოდ ამ კუთხისათვის არის დამახასიათებელი და თაობიდან თაობას გადასცემენ მისტიკურ ლეგენდებსა და ზღაპრებს. სვანური ჩაცმულობის განუყოფელი აქსესუარია სვანური ქუდი, რომელიც თექისგან მზადდება. მასზე გრეხილი ძაფი ისეა გადაჭიმული, რომ ზედა ნაწილზე ჯვრის გამოსახულებას ქმნის.

ლამპრობა სვანური ტრადიცია.

ლამპრობა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლამპრობა (სვან. ლიმპჲარ, დეცეშ ლამპრობ, სუიმნიშ, სუიმნიშლამპრობ), ადრესაგაზაფხულო დღესასწაული ძველ საქართველოში. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ლამპრობის დღესასწაული ძირითადად 1 თებერვალს იმართებოდა. მისი მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. ქვემო სვანეთში წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ "ლამპრებს" ანთებდნენ. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა, ზემო სვანეთში ლამპრობას "სვომონობასაც" ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის - ბერიკაობა-ზეენობის მსგავსად იმართებოდა: ირჩევდნენ "კეისარს", მის "ცოლებს" და "ვეზირებს". მესტიის რაიონის სოფ. ლახირის მთავარანგელოზის ეკლესიაში მიჰქონდათ რიტუალური კვერები, იმართებოდა ზედაშეს რიტუალური სმა. ეკლესიიდან ხალხი "მესვიმნიშის" ოჯახში მოდიოდა, ე. ი. იმასთან, ვინც სვიმონობას იხდიდა და რიგით თემის მასპინძელიც იყო; იქ მღეროდნენ სადიდებელ ჰიმნებს, კერას უვლიდნენ ანთებული სანთლებით, რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული "ლამპრული". მეორე დღეს წმინდა გიორგისა და წმინდა მარიამის ლამპრობა, უფრო მოგვიანებით - ცის ლამპრობა იმართებოდა. ლამპრობა თავისი შინაარსით ძველი მიწათმოქმედ ხალხთა ტიპობრივი დღესასწაულია. ბუნების გაღვიძების, მზის ცხოველმყოფელობისა და გაზაფხულის დროზე დადგომის შესათხოვად ზამთარში კოცონს ანთებდნენ. სახელწოდება "სვომონობა" ამ დღესასწაულმა სვიმონ უფლისმოქმედის სახელის მიხედვით მიიღო (როდესაც დღესასწაულის გაქრისტიანების მიზნით მოხდა ძველი და ახალი რიტუალების შერწყმა), რომლის დღეს, საეკლესიო კალენდრის თანახმად 1 თებერვალი ითვლება.


სისხლის აღება..

ტრადიციები

როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში,სვანეთშიც ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს,სტუმარმასპინზლობა მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
ყველასთვის კარგად ნაცნობი უნდა იყოს ერთი ძველისძველი ტრადიცია:"სისხლის აგება"სვანები თავისიანის სისხლს არავის შეარჩენენ,ისინი მკვლელის გვარიდან იმდენ ადამიანს კლავენ რამდენიც მათ მოუკლეს თავისი გვარიდან და ამით ანგარიშს ასწორებენ...

სისხლის აღება,ყველაზე გავრცელებული ტრადიცია სვანეთში




მთაში არსებული სიდუხჭირე და მცირემიწიანობა არ იძლეოდა მოსახლეობაში ფენათა წარმოქმნის, ანუ კლასობრივი დიფერენციაციის საშუალებას. ამის გამო საქართველოს მთიან კუთხეებში ფეოდალურმა ურთიერთობებმა ძნელად მოიკიდა ფეხი. ფშავში, ხევსურეთში, მთიულეთში, ხევში, თუშეთსა და სვანეთში, მიუხედავად ფეოდალების მრავალი ცდისა, მოსახლეობამ ბატონყმობის უღელი ვერაფრით ვერ იგუა და თითქმის მეოცე საუკუნემდე შეინარჩუნა ცხოვრების თემური წესი.

ადრეულ საუკუნეებში სვანეთის საერისთავო ერთიანი საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ერთეულს წარმოადგენდა. მისი მთავარიც საქართველოს სამეფო კარზე ინიშნებოდა. საქართველოს ცალკეულ სამეფოებად და სამთავროებად დაშლის შემდეგ სვანეთის საერისთაო გაუქმდა და იგი მეზობელ სამთავროების გავლენის ქვეშ მოექცა. XIX ს. დასაწყისში ქვემო სვანეთი (ამჟამინდელი ლენტეხის რაიონი) სამეგრელოს სამთავროს (დადიანებს) დაექვემდებარა, ზემო სვანეთის (მესტიის რაიონი) დასავლეთი ნაწილი, ე.წ. ბალს ქვემო სვანეთი, XVIII ს. მიწურულში დადეშქელიანების ხელქვეითი გახდა, ხოლო აღმოსავლეთმა ნაწილმა (ბალს ზემო სვანეთი-ლატალის თემიდან მდ. ენგურის სათავეებამდე) დიდი პერიპეტიების შემდეგ თავისუფალი, უბატონო სვანეთის სტატუსი შეინარჩუნა.

საქართველოს მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს ხევსურეთში ხუცს უწოდებდნენ, თუშეთში – დეკანოზს, სვანეთში - მახვშს.

სვანეთში დამკვიდრებული იყო თემის მმართველობის მეტად დემოკრატიული ფორმა: მახვშს, ანუ თემის მეთაურს თემის საერთო კრება ირჩევდა. კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა თემის ორივე სქესის ზრდასრულ (20 წლის) წევრს. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით, სისპეტაკით. იგი იყო ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი.

საგანგებო შემთხვევებში იმართებოდა თემთა გაერთიანებული შეკრება - ხევის ყრილობა, სადაც საკითხი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ყრილობაზე განიხილებოდა ხევის საჭირბოროტო საგარეო და საშინაო პრობლემები, მეზობლებთან გამწვავებული ურთიერთობის საკითხები, მოსალოდნელი ომიანობისათვის სამზადისი და თავდაცვის სტრატეგია, მსხვილი ეკლესიების, საფორტიფიკაციო ნაგებობების, გზების, ხიდების და სხვათა მშენებლობისა და მათში თემების მონაწილეობის საკითხები. ყრილობა მსჯელობდა იურიდიულ ასპექტებზეც - აწესებდა სასჯელის ფორმებსა და ნორმებს.

ყრილობა იყო უზენაესი ინსტანცია იურიდიულ იერარქიაში, იგი არავის წინაშე არ იყო ანგარიშვალდებული, ყრილობის გადაწყვეტილება საბოლოო იყო და განხილვას არ ექვემდებარებოდა.

უკანასკნელად ხევის ყრილობა მოიწვიეს 1875 წელს, რაც გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებით: სვანეთში რუსული მმართველობის დაწესების შემდეგ (1869 წ.), ცარისტულმა ხელისუფლებამ, ბეგარის გაზრდის მიზნით, 1875 წ. გადაწყვიტა მიწებისა და პირუტყვის აღწერა-რეგისტრაცია. უბატონო სვანებმა მოიწვიეს ხეობის ყრილობა და ერთხმად დაიფიცეს არ დამორჩილებოდნენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. 2000 შეიარაღებულმა გლეხმა გადაკეტა უბატონო სვანეთში შესასვლელი ყველა გზა და ბილიკი. ხელისუფლება შეშინდა, დათმობაზე წავიდა და ხალხი დააშოშმინა. მაგრამ 1876 წ. შეფარვით შეიყვანა დიდძალი სამხედრო ძალა და 20 აგვისტოს სოფ. ხალდე, სადაც კოშკებში გამაგრება მოასწრო ორმოცდაათამდე მეამბოხემ, ალყაში მოაქცია.

ამ სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობდა ალექსანდროპოლის 161-ე ქვეითი პოლკის ოთხი ასეული, ქუთაისის გუბერნიის ქვეითი მილიციის ორი რაზმი, 39-ე საარტილერიო ბრიგადის სამთო ბატარეის ოცეული, მესანგრეთა ასეული, გურიის მილიციისა და ბეჩოს სამხედრო ნაწილის რაზმები. ქუთაისთან კავშირის დასამყარებლად მოეწყო კაზაკთა ხუთი “პოსტი”. ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალი ციტოვიჩი.

ექვსი დღის გამუდმებული საარტილერიო ცეცხლითა და ნაღმებით ჯარმა დაანგრია ხალდეს თერთმეტივე კოშკი, ყველა ქვიტკირის შენობა, გადაწვა ხის ნაგებობები, მოსამკელი ყანები და ხალდე ნაცარ-ტუტად აქცია.

სამთავრობო ჯარების მხრიდან ბრძოლაში დაიღუპა 2 და დაიჭრა 12 ჯარისკაცი. 2 ხალდელი კოშკის ნანგრევებში მოკვდა, 8 შეიპყრეს, დანარჩენები მიიმალნენ. 28 აგვისტოს ნანგრევებად ქცეული ულამაზესი სოფ. ხალდე რუსის ჯარმა დატოვა.

ხალდეს ამბოხება იყო ცარიზმის წინააღმდეგ თავისუფლების მოყვარე ქართველი მთიელების მესამე და უკანასკნელი გაბრძოლება. პირველი, მთიულეთის ამბოხების სახელით ცნობილი აჯანყება, 1804 წელს დამარცხდა, მეორე, კახეთის აჯანყება - 1812 წელს. კახეთის აჯანყებაში აქტიურად მონაწილე ხევსურებს კი კავკასიის მთავარმართებელი რტიშევი 1813 წ. გაუსწორდა. რუსეთის ჯარი, რომელსაც გენერლები სიმონოვიჩი, ტიხონოვსკი და სტალი ხელმძღვანელობდნენ, ცეცხლთა და მახვილით შევიდა ხევსურეთში და სოფ. გუროსთან სისხლიანი ბრძოლის შემდეგ ხევსურები დააჩოქა.

სვანეთში სახნავ-სათესი მიწები კერძო საკუთრებაში იყო, სათიბ-საძოვრები და ტყე - საერთო სათემო სარგებლობაში. ამის გარდა არსებობდა ხატის ტყე და მიწა, რომელიც ეკლესიის მოთხოვნებისა და რელიგიურ დღესასწაულებისათვის გამოიყენებოდა. მახვში არეგულირებდა სათიბ-საძოვრითა და ტყით სარგებლობის პროცესს, საძოვრების მონაცვლეობის, მიწის განაწილების, ნაკვეთების საზღვრის დადგენის საკითხებს და სხვა. ყველა სადაო საკითხს მახვში პირადად განიხილავდა 4-5 კაცის თანდასწრებით.

მახვში იყო მეტად მკაცრი, მაგრამ სამართლიანი თავის გადაწყვეტილებებში. ავისა და ცუდის ჩამდენს, ქურდსა და თემის შემარცხვენელს მახვში გაკიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. “მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არ გააკარებდნენ სოფლის ნახირს” (ვაჟა ფშაველა). განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვშის თაოსნობით გაიმართებოდა ხევის ყრილობა, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეს (ან დამნაშავეებს) თემიდან და მის სახლ-კარს გადაწვავდა. ყოფილა შემთხვევები, როცა უმძიმესი დანაშაულისათვის, მაგალითად, თემის ღალატისათვის ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოუტანია.

ყოველგვარი სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმე ადგილობრივ სასამართლოში განიხილებოდა, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ მსაჯულ-მედიატორები, რასაც სვანეთში “მორვალს” უწოდებდნენ.

მორვებს ირჩევდა ორივე მოდავე მხარე სანათესაოდან ან გარეშე პირთაგან. მორვები მოდავე მხარეებს გულდასმით მოუსმენდნენ. მოლაპარეკების პროცესი ხანგრძლივი იყო და ხშირად წლების განვალობაში გრძელდებოდა. როცა ყველაფერი გაირკვეოდა და დაზუსტდებოდა, ხატზე ფიცის დასადებად გადიოდნენ. დაფიცების შემდეგ განაჩენის ობიექტურობაში ეჭვი არავის ეპარებოდა და მორვებიც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ, რაც უმეტეს შემთხვევაში საბოლოო იყო და არ საჭიროებდა ახალი მორვების მიერ საქმის ხელახალ გარჩევას. განაჩენის გამოტანისას მოსამართლეები ქვას ჩაფლავდნენ მიწაში, რაც საქმის დამთავრებას ნიშნავდა და მოდავე მხარეების შერიგებით მთავრდებოდა.

სვანი კაცი, ძირითადად, თავის მოწეულ მოსავალზე იყო დამოკიდებული. ბარში კიდეც რომ ეჩუქებინათ მარცვლეული, ოჯახის სამყოფი სარჩოს ტრანსპორტირება უგზოობის პირობებში, ასე შორ მანძილზე, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

მთაში მიწათმოქმედება მეტად გართულებულია, დათესილი მარცვლეული ჯერ ჯეჯილობაშივე ჩაირეცხება ღვარებისაგან და თუნდაც გაიხაროს, სეტყვას მაინც ძნელად გადაურჩება. ამიტომ, სვანი მუდამ კარგ დარზე ოცნებობდა, რათა კარგი ჭირნახული მიეღო.

მაღალი მოსავლის მიღებაზე ზრუნვა ახალი წლის დადგომიდანვე იწყებოდა. თებერვლის დასაწყისში იცოდნენ ლამპრობა. ლამპარი მზადდებოდა არყის ხის წვრილად დაჩეხილი კონის სახით. ყველა ოჯახში სამ კონას ამზადებდნენ - ერთი კონა წმინდა მარიამის სახელზე იყო დათქმული, მეორე წმინდა გიორგის და მესამე ცის საკეთილდღეოდ. მარიამს სვანები მოსავლიანობის მფარველ ღვთაებად მიიჩნევენ. დადგენილ ღამეს კონები ეკლესიის ეზოში სასაფლაოზე გაქონდათ დასაწვავად. ამ დღეს აცხობდნენ ლემზირებს (სალოცავი კვერი) და იმართებოდა საერთო დღესასწაული.

ზამთრის პერიოდში მეტად გავრცელებული იყო თოვლის კოშკის აგება, რომლის ცენტრშიც ხის ძელს დაატანდნენ, კენწეროში კი ჯვარს დაკიდებდნენ. დღესასწაულში მონაწილე ახალგაზრდობა, საცხოვრებელის ადგილმდებარეობის მიხედვით, გუნდებად იყოფოდა. ყველა გუნდი ცდილობდა კოშკის თავისი უბნის მხარეზე წამოქცევას, რაც იმ მხარეზე კარგი მოსავლის მიღებას ნიშნავდა. იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრის ხელში ჩაგდებასაც, რის გამოც ზოგჯერ მუშტი-კრივსაც მიმართავდნენ. ეს იყო მხიარული, სპორტული დღეობა.

დიდმარხვის ბოლო კვირას ე. წ. ჰორიეშმაო იწყებოდა. ოჯახის უფროსი რკინის ორ ნაჭერს ერთმანეთზე ურტყამდა, ლოცულობდა და ქაჯებს აფრთხობდა. მერე გარეთ გადიოდა და კაჟიან თოფს დაცლიდა ავი სულების შესაშინებლად. დიასახლისი ოჯახის წევრებს მარჯვენა მაჯაზე, ხარებს რქებზე და სახვნელ კავს სახელურზე შავ ძაფს შეაბამდა. ეს რიტუალი ავი თვალისაგან იცავდა ადამიანებს, ხარებს და სამეურნეო იარაღსაც. იმავე დღეს მდინარიდან ყანაში მიჰქონდათ ქვიშა და თეთრი კენჭები. ეკლიან ჯოხს მიწაში ჩაარჭობდნენ, ძირში ქვიშას მიუყრიდნენ და თეთრ კენჭებს შემოუწყობდნენ. ამით ყანას ავი თვალისაგან იცავდნენ, რაც უხვი მოსავლის მიღების გარანტიად მიაჩნდათ.

გვალვიან წელიწადს ქალები უახლოეს ტბაში ძვალს ჩააგდებდნენ და უფალს ევედრებოდნენ კარგ წვიმას. ზოგ თემში სოფლის კაცები ეკლესიიდან იესოსა და ღვთისმშობლის ხატებს გამოაბრძანებდნენ, მდინარეზე ჩაიტანდნენ, გაბანდნენ და სიმღერით შესთხოვდნენ გაავდარებას. სოფელ ლენჯერში ამჟამადაც ტარდება ელიას დღესასწაული, რომლის დროსაც წმინდა ელიას ხატს შესთხოვენ გაავდრებას.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესში, თესვის, მარგვლის და განსაკუთრებით მოსავლის აღების დროს ქალი მამაკაცის გვერდით იდგა და მასთან ერთად ეწეოდა ჭაპანს. შემთხვევითი არაა, რომ ქალს მზითევში აუცილებლად ატანდნენ ნამგალს, როგორც პურეულის აღების სიმბოლოს.

ამინდის ჭირვეულობის შემთხვევაში, ხშირად საჭირო ხდებოდა მოსავლის დროულად და ოპერატიულად აღება, თიბვა და სხვა. ამიტომ გავრცელებული იყო შრომის კოოპერაციის მარტივი მეთოდი - ნადი, როცა ოჯახს მოსავლის აღებასა თუ თიბვაში ეხმარებოდნენ მეზობლები და ნათესავები ანაზღაურების გარეშე, სანაცვლო დახმარების იმედით.

სვანური მასიური ქვის სახლებისა და კოშკების აშენება ერთი ოჯახის შესაძლებლობების ფარგლებს დიდად ცილდება. ამიტომ, აქაც გამოიყენებოდა შრომის კოოპერაცია მეზობლური დახმარების სახით (მამითადი), რასაც სვანები ლინდის უწოდებდნენ.

დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, სვანები არ თაკილობდნენ ზამთრის პერიოდში ბარში სხვის კარზე მუშაობას. გარემო პირობებმა სვანი გლეხი მეტად გამრჯე, ფიზიკურად შემძლე კაცად ჩამოაყალიბა. ამიტომ, შრომის ბირჟაზე სვანი მუშის გასამრჯელო ერთი ორად აღემატებოდა სხვა მუშის ფასს.

სვანეთში არსებული მითები...

სვანეთში არსებობდა ლეგენდა:ყოველ დილით მწვერვალ თეთნუილდიდან კოშკში,თეთრი ანგელოზი შემოდიოდა,როცა ეს ხდებოდა კოშკში მცხოვრებნი ლოცვას იწყებდნენ,ანგელოზი კოშკში მცხოვრენთ მანამდე მფარველობდა ვიდრე ამ კოსჰკიდან სხვა გვარის კაცი არ მოკლეს,მას შემდეგ კი თეთრი ანგელოზი აღარავის უნახავს...

სვანეთში არსებული მითები...

ჩანგი ხომ იცით, არფას მსგავსი... ინსტრუმენტი... მის შექმნაზეა სვანური ლეგენდა...

ომიანობის დრო ყოფილა. მოხუც მამას ერთადერთი ვაჟიშვილი ჰყოლია, რომელიც მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა, არ დაუშლია საომრად წასვლა. წასულა და აღარ დაბრუნებულა. ლოდინით დაღალული მამა თავად გაემართა ბრძოლის ველისაკენ, იქნებ დაჭრილი თუ ვერა, ცხედარი მაინც ვიპოვოო ერთადერთი შვილის. დიდხანს უვლია, სანამ ბრძოლის ველს მიადგებოდა.
ნაომარი ადგილი გვამებით ყოფილა სავსე... დადიოდა ჩონჩხებსა და მიხრწნილ სხეულებს შორის მოხუცი და შვილის ცხედარს ეძებდა. წელზე შებმული მეწამული ქამრით უცვნია ვაჟის ძვლებდარჩენილი სხეული. მკლავები გვერდზე გადაკეცვოდა და ძარღვები ლარივით გადაჭიმულიყო ერთი ძვლიდან მეორეზე.
აუღია მამას მოკლული შვილის მკლავი, ჩამოუკრავს მოკანკალე ხმელი თითები დაჭიმულ ძარღვებზე და ისე გულის მომკვლელი მოთქმით დაუწყია შვილის დატირება, მთები შეზანზარდნენო ირგვლივ...

სვანეთში არსებული მითები...

დალი გაგონილი გექნებათ ნადირობის ქალღმერთი და ისიც, თუ რა მტკიცე რიტუალი და ტრადიციაა, სვანეთში, ნადირობისთვის მზადება და წასვლა...

სვანეთში ოქროს მოპოვებასაც შეგახსენებთ, ცხვრის ტყავით მთიდან მომავალ მდინარეში როგორ პოულობენ ოქროს ნამცეცებს ქვიშიან სილაში...

ეს მონადირე, გვარით ქურდიანი, ცხრა დედმამიშვილიდან ერთი დარჩენოდა დედამისს. ერთ ღამეს დალი დასიზმრებია და უბრძანებია მის მიერ მითითებული მარშრუტით წასულიყო სანადიროდ. ბევრი უვლია მონადირეს. საშინლად დაქანცულა. მოსაღამოვებულზე მისი მზერა არაბუნებრივად მბრწყინავმა ლოდმა მიიპყრო. მიუახლოვდა ქურდიანი და ოქროს ლოდი შერჩა. ლოდი კი არა სადღაც მთასავით ყოფილა, სავარაუდოდ ალბათ საიდანაც მდინარეს მიჰქონდა მცირე ნაწილაკებად დაშლილი წყალთან ერთად.
დალის უმკაცრესად გაუფრთხილებია მონადირე ამის შესახებ არავისთვის ეამბნა, თუმცა უფლება მისცა ლოდის ნატეხი თან წაეღო.
შინ დაბრუნებულ მონადირეს დიდხანს არაფერი არავისთვის უთქვამს. მაგრამ ადამიანის სისუსტე მაინც თავისას აკეთებს და თბილისში გეოლოგიის ინსტიტუტში წამოუღია ეს ქვის ნატეხი, შესამოწმებლად. რაღაც დროის შენდეგ ინსტიტუტის თანამშრომლებმა, მიხვდნენ ალბათ რომ მართლა ოქრო ეჭირათ ხელში, სურვილი კი არადა, გიჟური ნდომა გამოთქვეს სვანეთში წასულიყვნენ და საკუთარი თვალით ენახათ ამ ოქროს ნატეხის ადგილი.
მონადირე, რომელსაც ასე თუ ისე, ისევ ახსოვდა დალის მკაცრი გაფრთხილება, მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა გეოლოგებს. მას თვალახვეული უნდა მიეყვანა ისინი ოქროს საბადომდე. ნუ, გეოლოგები დათანხმებულად. 2 დღე ატარაო მონადირემ თვალახვეული გეოლოგები და მიიყვანა საბადოსთან. იქ გეოლოგებმა თავისი საქმე გააკეთეს, აიღეს სინჯები, მცირე ნატეხებიც თან წამოიღეს და ისევ თვალახვეული ატარა მონადირემ 2 დღე. გეოლოგები თბილისში დაბრუნდნენ. რაღაც დროის მერე ისევ ჩავიდნენ სვანეთში. მონადირე მოიკითხეს. სამწუხარო ამბავი კი დახვდათ - მონადირე, რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც მათი გამდიდრება შეეძლო, და რომელმაც თავისი პირობა დაარღვია, დალისგან დასჯილი, ნადირობის დროს კლდიდან გადაჩეხილა...

ასე დარჩა ეს ამბავი გაუხსნელი...არავინ იცის მართლა იყო ის კლდე თუ არა მდინარის სათავეში, და რომც იყოს, არავინ იცის გზა იმ ადგილებისკენ...

იუმორი სვანურად:)

იუმორი სვანურად:)

1.სვანი ცხენს დაკარგავს და იძახის კიდე კაი ზედ არ ვიჯექიო!!!:)

2.სვანს ეყოლება ტყუპები და ერთს გადააგდებს ორი ერთნაირი რად მინდაო?!
3.სვანი შევა ტყეში და მოჭრიან:)
4.
სვანი გაიტანს გოლს და გამეორებაში ააცილებს...

5.სვანს ფული დასჭირდება და ფულის საჭრელ მანქანას გაყიდის.(fr)

6.სვანი ფულს წიგნში ჩადებს და სარჩევში ეძებს.:)